თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „რაგბი ევროპამ" 27 თებერვალს თბილისში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია „რაგბი ევროპის" ოფიციალურ განცხადებაში.
რაგბის კავშირში განმარტავენ, რომ ვინაიდან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილიც არის, „რაგბი ევროპა" (Rugby Europe) კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტშია „რაგბი ევროპასთან" და მსოფლიო რაგბისთან და დამატებით ინფორმაციას ისინი დაუყოვნებლივ გაავრცელებენ.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასევე გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი. 26 თებერვალს ესპანეთისა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი ჯერჯერობით ძალაში რჩება.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ერთი მოგებისა და ერთი ფრეს შემდეგ 7 ქულით მესამე ადგილი უკავია, რუსეთის ნაკრები კი ორი წაგებით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მხოლოდ ნიდერლანდის ნაკრებს უსწრებს.
დღეს, 24 თებერვლის დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო და ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი