თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისში პროგრამისტ ნიკა (ნიკო) კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთი პირს ბრალი წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ ი.ბ. 23 თებერვალს დააკავა.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს. 23 თებერვალს კი ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი ი.ბ. დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულისთვის ცნობილი იყო, რომ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და იძებნებოდნენ პოლიციის მიერ. ამის მიუხედავად მან საკუთარ სახლში ღამე გაათევინა მათ, ხოლო მეორე დღეს მიმალვაში დაეხმარა. ამის შესახებ კი პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის სიაშიც კი მოხვდა (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია).
ნიკა კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის" მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
წყარო- საქართველოს პროკურატურა