ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ფასები უფრო ნელა იზრდება

კომუნალური გადასახადები „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს – 75%-ით, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ფასების ზრდის ტემპი შენელდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამჟამად საქართველოში ფასების ზრდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. მაღალი ინფლაციის მიზეზთა შორის მინისტრმა დაასახელა პანდემიით გამოწვეული ჩავარდნები მიწოდებების ჯაჭვში, ასევე ლოგისტიკური პრობლემები. სურსათის ფასი მსოფლიოში 28%-ით გაიზარდა, გაძვირდა ენერგომატარებლებიც.

„რომ ავიღოთ ჩვენი მმართველობის პერიოდი 9 წლის განმავლობაში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ჯამში გაიზარდა 60%-ით. ჩვენ თუ ავიღებთ ანალოგიურ პერიოდს წინა ხელისუფლების, რომლის წარმომადგენლებიც ახლა აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და, ზოგადად, ფასებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, 8 წელიწადში გაიზარდა 95%-ით, ანუ 35%-ით მეტად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ კომუნალური მომსახურებაც გაძვირდა.
„კომუნალური გადასახადები ჩვენ დროს ჯამურად გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს – 75%-ით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მაღალ ფასებთან საბრძოლველად, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა მათზე არ არის დამოკიდებული.