მსოფლიო დღეს

ჟოზეპ ბორელი: ახალ ანტირუსულ სანქციებს სწრაფად მივიღებთ

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო ევროკავშირი სწრაფად მიიღებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ პაკეტს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეპ ბორელმა.

„ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან სანქციების შემდგომ პაკეტზე ვიმსჯელებთ − ჩვენს პარტნორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. ევროკავშირის საბჭო სწრაფად დაამტკიცებს ამ პაკეტს“, − დაწერა ბორელმა Twitter-ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, დილით გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. მისი თქმით, რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“. ამ დროისათვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკომისია „კრემლს პასუხს აგებინებს“ უკრაინაზე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმის გამო.