ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში პროგრამისტი ნიკა (ნიკო) კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დღეს დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ამის შესახებ კი პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობაში დამკვეთი ფიგურირებს – ნიკა კვარაცხელიას დედა >>
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის სიაშიც კი მოხვდა (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია).
ნიკა კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის" მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური