თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ახალი აზერბაიჯანული 50-მანათიანი ბანკნოტი თემის, დიზაინისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს.
როგორც „Sputnik–აზერბაიჯანი“ იუწყება ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით, ფულადი ნიშნების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მონაწილეობით ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 150 ქვეყნის ცენტრალური ბანკების, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის, ინგლისის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ავსტრალიის, მექსიკის, ინდონეზიის, ყაზახეთის, სინგაპურის, ფილიპინების, კატარისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ახალი ფულადი ნიშნების კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო ბანკნოტი“.
კონკურსის ჟიურიმ თემის, დიზაინისა და უსაფრთხოების სისტემის მიხედვით საუკეთესო ბანკნოტად დაასახელა აზერბაიჯანის განახლებული 50-მანათიანი ფულადი ნიშანი.
იგივე ბანკნოტი 2021 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში გამართულ კონფერენციაზე ჰოლოგრამების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IHMA) გამარჯვებულად გამოაცხადა ნომინაციაში „დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემის მქონე ბანკნოტი“.
ამჟამად განახლებული 50-მანათიანი კუპიურა იმავე ნომინალის ძველი დიზაინის ფულადი ნიშნის პარალელურად გამოიყენება.
ახალი ბანკნოტი ეძღვნება თემას „განათლება და მომავალი“ და გამოსახავს მომავლის სიმბოლოს – ახალგაზრდობას, კიბეს, როგორც აღმასვლის ნიშანს, მზეს, როგორც ძალისა და სინათლის სიმბოლოს, ქიმიურ და მათემატიკურ ნიშნებს, როგორც მეცნიერების სიმბოლოს.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი