მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

ეს მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობაა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი არ ჩატარდა, რადგან არცერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა განაცხადი.
თბილისის მერიამ ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 21 თებერვალს დასრულდა.
ტენდერის თავდაპირველი ღირებულება 7.057.389 ლარი იყო.
ტენდერის პირობებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ უნდა გაკეთებულიყო გრანიტის იატაკი, მარმარილოს კედლები, შეკიდული ჭერი და განათების ახალი სისტემა. სადგურის ინტერიერი „გასული საუკუნის 60-იანი წლების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას უნდა წარმოადგენდეს, გეოგრაფიული ფიგურებისა და ფერთა უჩვეულო შეხამების გამოყენებით“.
ეს თბილისის მეტროს სადგურში სარემონტო სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადების უკვე მეორე მცდელობაა.
2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ახალი რემონტის შემდეგ მალევე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. ის დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი შპს „გეომეპის“ აღმასრულებელი დირექტორი და შპს „ყვარელმშენის“ მთავარი ინჟინერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დაუდევრობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის.
წყარო - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო