თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 2.000 ლარის გირაო შეუფარდა.
პოლიციამ კლუბ „ოთახში“ დიზაინერ და მოდური ღონისძიებების ორგანიზატორ გიორგი მასხულიაზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი 22 თებერვალს დააკავა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან. დღევანდელი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ბრალდების მხარე ბრალდებულთათვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 21 თებერვალს მოხდა. სამმა მამაკაცმა მასხულიას „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.