საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დელეგაციებისგან შედგება.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ერევანში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის „ევრონესტის“ მნიშვნელობა განმარტა>>>
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან ქარუმიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
„ევრონესტი“ – პარლამენტთაშორისი ასამბლეაა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.
პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
წყარო: საქართველოს პარლამენტი