თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „გედების ტბას“ წარადგენენ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური ბალეტი საქართველოს დედაქალაქში გაზაფხულზე გავა
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტი „გედების ტბა" 3-დან 6 მარტამდე იქნება წარმოდგენილი.
„გედების ტბა“ არის პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი ორ მოქმედებად. სიუჟეტი ეფუძნება სხვადასხვა ფოლკლორულ მოტივს, რომელიც მანამდე ნაწილობრივ იყო გამოყენებული სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ასევე საოპერო და საბალეტო ლიბრეტოებში.
ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს მოსკოვის დიდ თეატრში შედგა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მთავარ როლებს სხვადასხვა დღეებში შეასრულებენ სოლისტები ნინო სამადაშვილი, ასლან ალიევი, ნუცა ჩეკურაშვილი, ალექსანდრ ომელჩენკო და სხვ. ლიბრეტო - ვლადიმირ ბეგიჩევი და ვასილი ჰელცერი. დირიჟორები - პაპუნა ღვაბერიძე და დავით მუქერია. ქორეოგრაფია - მარიუს პეტიპა და ლევ ივანოვი.
სპექტაკლები დაიწყება 3, 4 და 5 მარტს 19:00 საათზე, ხოლო 6 მარტს - 15:00 საათზე.
წყარო - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი