თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა მეორე კვარტალში შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მოზარდების ვაქცინაციის ზღვარი დაიწიოს და ვაქცინაცია 5 წლის ასაკიდან დაიწყოს. მისი თქმით, Pfizer-ს შეუკვეთეს დაახლოებით 50 ათასი დოზა ვაქცინა.
„პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს იყოს იმუნოკომპრომეტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და იმის შემდეგ, ალბათ, სურვილის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სპეციალისტების მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულების 15 პროცენტი ბავშვები არიან. მედიკოსები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი", რომელიც ზოგადად შედარებით მსუბუქ შტამად მიიჩნევა, ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
მსოფლიოში12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.