თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 1 მარტიდან ორი პირობით იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარმოადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR–ტესტის უარყოფით პასუხს (მესამე დღეს PCR–ტესტირების ვალდებულების გარეშე). იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი.
ასევე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR–ტესტით შემოსვლის შემთხვევაში იხსნება მესამე დღეს PCR–ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR–ტესტის არქონის შემთხვევაში არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნეს-ვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციებიც.
საქართველო, მიუხედავად არასტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, ღიაა ვიზიტორებისთვის. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელებისთვის მოქმედებს შემოსვლის გამარტივებული წესები – გარკვეული რეგულაციების დაცვის პირობით.