თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თუ მოსახლეობის 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იქნება, შეიძლება ქვეყანაში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
„ჩვენ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ინგლისის მსგავსად მოსახლეობის 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული რომ იყოს, 60%-ს კი ბუსტერ-დოზა ჰქონდეს გაკეთებული, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, ახალი შტამის წარმოშობის საშიშროება ყოველთვის იარსებებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გეგმებში ივლისის ბოლომდე მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციაა.
„გვესმის, რომ საკმაოდ რთული მიზანი გვაქვს. ვაპირებთ თითოეულ სოფელსა და ეზოში მივიდეთ და საინფორმაციო კამპანია ჩავატაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი უკვე გადაიარა და ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება. გამყრელიძის განმარტებით, თუ გაიზრდება პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 60%-ია, და ბუსტერ-დოზით აცრილთა რაოდენობა, მაშინ ივნისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1.000-მდე დაიკლებს.
„გასულ სამშაბათს იყო 15.315 შემთხვევა, ორი კვირის წინ – 24.616, სამი კვირის წინ – 24.201, დაახლოებით ერთი თვის წინ კი – 15.762 შემთხვევა. 15 იანვრიდან ქვეყანაში ინფიცირების ზრდა დაიწყო, პიკი კი 1 თებერვალს გვქონდა – 26.320 შემთხვევა, ამის შემდეგ დაიწყო კლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, ქვეყანაში ამ ეტაპზე „ომიკრონ“ შტამი დომინირებს, რომელზეც შემთხვევების 95% მოდის.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.