ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა

პირველ რაუნდში წაგების გამო ბასილაშვილს სარეიტინგო ქულები არ მოემატა, მაგრამ სპორტსმენმა თითქმის 22 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-19 ნომერი АТР-ს რეიტინგში) დუბაიში АТР-500-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
ბასილაშვილი პირველ წრეში ავსტრალიის წარმომადგენელ ალექსეი პოპირინთან (66) დამარცხდა - 2:6, 3:6. შეხვედრა ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა.
მატჩში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, ქართველი ჩოგბურთელი მეტოქესთან ყველა ძირითად კომპონენტში დამარცხდა.
„დღეს 100 პროცენტით მზად არ ვიყავი. სეზონის დაწყებიდან ეს უკვე მეხუთე მატჩია, რა დროსაც თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. რაც შემეძლო, ვაკეთებდი, მაგრამ არ გამომივიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები და ინდიან-უელსისთვის მზად ვიქნები“, - დაწერა ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში.
პირველ რაუნდში წაგების გამო ბასილაშვილს სარეიტინგო ქულები არ მოემატა, მაგრამ სპორტსმენმა თითქმის 22 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
გასულ კვირაში ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ფინალამდე მიაღწია, სადაც ერთი წლის წინ მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცადა. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი წინა წლის ფინალისტ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან დამარცხდა - 3:6, 4:6.