16 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდებში დისნეის ფიგურების კოლექციით შევიდა

Sputnik
ალბათ ბავშვობაში არაერთხელ გიოცნებიათ დისნეის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობაზე. თბილისში ცხოვრობს 16 წლის ბიჭი, ნიკა ღელაღუტაშვილი, რომელმაც ეს ჯადოსნური სამყარო საკუთარ სახლში დიდი ძალისმხევის შედეგად მოაწყო.
ნიკა საქართველოში ერთადერთი კოლექციონერია, რომელიც დისნეის გმირების ფიგურებს აგროვებს და გინესის რეკორდებში მეორე ადგილს იკავებს.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- რამდენი ხანია, რაც დისნეის ფიგურებს აგროვებთ?
- დაახლოებით ხუთი წელია. როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მიყვარდა დისნეის მულტფილმები და გამიტაცა ანიმაციური გმირების ფიგურების შეგროვებამ. ახლა 7000-მდე ფიგურა მაქვს და მათი შეგროვება ნამდვილად არ იყო მარტივი.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- პირველი ადგილის დასაკავებლად კიდევ რამდენი ფიგურა გჭირდებათ?
- პირველი ადგილის დასაკავებლად კიდევ 500-მდე ფიგურაა საჭირო.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- როგორ აგროვებდით, საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია მათი შეძენა?
- მათი შეძენა შეიძლება ორი სახით – ან უნდა გამოიწერო, ან შესაძლებელია თბილისში ე.წ. სექენდ-ჰენდის მაღაზიებში იშოვო. ძალიან ბევრი ემიგრანტი დამეხმარა კოლექსიის შევსებაში და მინდა თქვენი საშუალებით ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. 800 ფიგურა მქონდა უკვე, როცა დავრეგისტრირდი BBC-ზე და რვა თვის შემდეგ მომივიდა პასუხი, რომ დაგვიდასტურეს, ანუ მეც მოვხვდი ამ კოლექციონერებს შორის. ამის შემდეგ დაიწყო ადგილების ათვლა.
როგორც აღვნიშნე, ახლა გინესის მსოფლიო რეკორდებში მეორე ადგილს ვიკავებ და ვიბრძვი პირველი ადგილისთვის. ბოლო პერიოდში იმდენად გაიზარდა ჩემი კოლექცია, ვიმედოვნებ, რომ პირველ ადგილსაც მოვიპოვებ.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- როგორ ხდება ფიგურების აღრიცხვა?
- ამ ფიგურებს გააჩნია თავიანთი კოდები. მათი აღრიცხვა ხდება ფოტომასალით და ამ კოდების დახმარებით. კოდები რომ არ ყოფილიყო, ვერ მოხდებოდა ამ ფიგურების აღრიცხვა.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- კონკრეტულად რა სახის ფიგურებია თქვენს კოლექციაში თავმოყრილი?
- ჩემს კოლექციაში „დისნეი სთორის“ ქსელური მაღაზიიდან ხუთი სახის ფიგურებია წარმოდგენილი. კოლექციაში თავმოყრილია ჯაქსის და ინფინიტის ფიგურები, რომელიც „გეიმინგ“ განყოფილებაში შედის. არის ხელით მოხატული ბულილენდის ფიგურები, რომელიც ახლაც საკმაოდ ღირებულია.
როდესაც დისნეის 100 წლისთავი შეუსრულდა, მაკდონალდსმა გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა ბავშვებისთვის და დისნეის 100 გმირი გამოუშვა. ჩემს კოლექციაში ამ გმირებსაც იხილავთ.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- თუ გაქვთ ინფორმაცია, დისნეის ფიგურები რომელიმე კოლექციონერს აქვს სრული შემადგენლობით?
- როგორც მე ვიცი, სრული შემადგენლობით ჯერჯერობით არავის აქვს.
- საქართველოში აქვს ვინმეს მსგავსი კოლექცია?
- არა, საქართველოში მსგავსი კოლექცია არავის აქვს. აგროვებენ მოყვარულის დონეზე. შესაძლოა ჰქონდეთ 100 ცალი, ან ცოტა მეტი. იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მე მაქვს, არავის აქვს.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- როგორც ვიცი ფრილანსერი ხართ, თქვენი კონტენტის შესახებ მოგვიყევით.
- დიახ, ფრილანსერი ვარ. ტიკ-ტოკზე ვიღებ სახალისო ვიდეოებს და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კონტენტის შემქმნელი ვარ. მყავს 288.000 ხელმომწერი. ამ ყველაფერს ვუთავსებ კოლექციის შეგროვებას. სოციალური ქსელში ჩემი პოპულარობა იმაშიც დამეხმარა, რომ ბევრ ადამიანს გავაგებინე ჩემი კოლექციის შესახებ.
ჩემს შესახებ ინფორმაცია უკვე გუგლშიც იძებნება, შავი შრიფტით არის გამოყოფილი, რაც ვთვლი, რომ დიდი წარმატებაა.
ნიკა ღელაღუტაშვილის კოლექცია
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ძალიან მინდა მოვაწყო მუზეუმი, გავმართო კვირეულები, სადაც ქართველი ბავშვები სრულიად უფასოდ დაათვალიერებენ ჩემს კოლექციას. ძალიან მინდა ქართველ ბავშვებს ეს საჩუქარი გავუკეთო, რადგან მეც ძალიან ბევრი ქართველი დამიდგა გვერით. ეს მინიმალური იქნება, ჩემი აზრით, რისი გაკეთებაც შემიძლია მათთვის.
ვოცნებობ მსახიობობაზე და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკაში საკმაოდ ბევრ ჰოლივუდურ ფილმში ონლაინ კასტინგის ფინალისტი ვარ. ეს ჩემი ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ფრაგმენტია.