ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მთავარი პრიორიტეტის მიმართ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს მოიცავდა.
„სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გასულ წელს გაეროს სააგენტოებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული.
მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები.
წყარო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია