როგორ გადავაქციოთ ძველი ბინა თანამედროვე დიზაინის საცხოვრებლად მინიმალური სახსრებით?

უკვე წლებია ჩვენში ე.წ. ხრუშჩოვკების თემაზე კამათი მიდის – დაანგრიონ ისინი თუ სახე უცვალონ, რაც არც ისე მარტივია. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა თბილისელი ინტერიერის დიზაინერი გაიანა მოისეევა.
Sputnik
თავის ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებად თვლის პირველ პრემიას, რომელიც მიიღო 2012 წელს ჩატარებული კონკურსში „ერევნის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა”. ქართული საზოგადოების ყურადღება კი მიიქცია მისმა დიზაინერულმა ნამუშევარმა, რომლის წყალობითაც „ხრუშჩოვკის“ პროექტის 30 კვადრატული მეტრი თანამედროვე სახის საცხოვრებლად იქცა. მისი პროექტი ამ სფეროს სპეციალისტების მხრიდანაც დადებითად შეფასდა.
გაიანა მოისეევა
- გაიანა, რა იყო იმის მიზეზი და მოტივაცია, რომ არქიტექტორის პროფესია აგერჩიათ?
- ბავშვობიდან მომწონდა არქიტექტურის ხელოვნება, ამასთან, კონსტრუირებაც მიყვარდა. ჩემი საყვარელი სათამაშო ლეგო და მაკეტების მოდელირება იყო. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვური ინტერესები პროფესიულში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს მშობლების რჩევით გადავწყვიტე, რომ ჩემი ინტერესი არქიტექტურის სფეროში გამეღვივებინა და პროფესიულად განმევითარებინა.
გაიანა მოისეევა
- დღეს ძირითადად რა სახის შეკვეთებს იღებთ?
- ზოგადად ბინებზე მოთხოვნილების სპექტრი ძალიან ფართოა. დღეს ჩვენი ქალაქის მასშტაბით ორ- და სამოთახიან ბინებზეა მოთხოვნა. დამკვეთების უმეტესობა ცდილობს, რომ საცხოვრებელი ფართები ახალ აშენებულ შენობებში შეიძინოს. ამჟამად ვმუშაობ სამ პროექტზე, მათ შორის საცხოვრებელ და საოფისე ფართებზე.
გაიანა მოისეევა
- როგორი იქნება თქვენი აზრი თბილისში არსებულ „ხრუშჩოვკებთან“ დაკავშირებით, გამოსავლად რას თვლით?
- ე.წ. ხრუშჩოვკების და საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მთავარი მიზანი ქვეყნის მცხოვრებთათვის სწრაფი და ეკონომიური საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა იყო. იმდროინდელმა სოციალურმა პროგრამამ ეს მისია წარმატებით შეასრულა. მე თუ მკითხავთ, დაინგრეს თუ არა ყველა შენობა, ვთვლი, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგან ყველა შენობა განსხვავებულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. პირველ რიგში შენობათა პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და მათი მედეგობა დაზუსტდეს. იმ შემთხვევაში, თუ შენობას აქვს სამომავლო მედეგობის რესურსი, სასურველია მათი იერსახის გაუმჯობესება და გათანამედროვება მოხდეს.
გაიანა მოისეევას მიერ ხრუშჩოვკის ბინის ახლებური დიზაინის შექმნა
- ჩვენში უკვე ცნობილია იმ პროექტის შესახებ, რომლის დროსაც „ხრუშოვკის“ 30 კვ.მ თანამედროვე დიზაინის ბინად აქციეთ. პროფესიონალებმა თუ შეაფასეს თქვენი ეს ნამუშევარი?
- საქართველოში მსგავსი სახის პროექტები ხშირად არ ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ჩემმა პროექტმა ცნობილი ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება მიიპყრო. შესაბამისად, ის დადებითად შეფასდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ბინის დიზაინი, გეგმარება და ერგონომიული მახასიათებლები მორგებულია კონკრეტულად ჩემს მოთხოვნებზე, მისი განსჯა და ანოლოგიური სახის სხვა პროექტებთან მისი შედარება რთულია.
„ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინის ახლებური დიზაინი, ავტორი გაიანა მოისეევა
- მინიმალური სახსრებით თუ არის შესაძლებელი დაახლოებით მსგავსი ეფექტის მიღწევა?
- სხვათა შორის, ჩემი ბინის რემონტის ხარჯები საშუალო ბიუჯეტს სულაც არ გასცდა. სამუშაოების დროს ბიუჯეტური და მარტივად ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალები იყო გამოყენებული. ხარჯების ეკონომიის მიზნით შენარჩუნდა არსებული ხის იატაკი, რომელიც მხოლოდ პოლირებას საჭიროებდა. ჩემს ბინაში განხორციელებული დიზაინი თამამად ითვისებს ძველ და რესტავრირებულ სამშენებლო მასალებს. შესაძლებელია მსგავსი მოდელის გამოყენება ნებისმიერ სხვა ანალოგიურ საცხოვრებელ ბინაში.
ინტერიერის დიზაინის ავტორი გაიანა მოისეევა
- რა შემთხვევაში ჩაითვლება წინასწარ შერჩეული დიზაინი წარმატებულად?
- ზოგადად, დიზაინი წარმატებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მისი ბიუჯეტი რაციონალურადაა დაგეგმილი. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. სწორი და მარტივი გადაწყვეტილებებით შესაძლებელია საკმაოდ კარგი შედეგების მიღწევა, ბიუჯეტი კი ყველასთვის სხვადასხვაა. ის რაციონალურ მიდგომებს საჭიროებს. სამწუხაროდ, რემონტის დროს უმეტესობა საკუთარ დანახარჯებს რაციონალურად ვერ ანაწილებს.
ინტერიერის დიზაინის ავტორი გაიანა მოისეევა
- თბილისურ არქიტექტურაზე მინდა გკითხოთ, მისი ყველაზე დიდი ინდივიდუალობა რაში გამოიხატება?
- ზოგადად, თბილისის არქიტექტურა ძალიან მრავალფეროვანი და ეკლექტურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრად გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით ძველი თბილისის ცხოვრების სტილსა და თბილისურ ეზოებს, რომელსაც, თავის ესთეტიკურ უპირატესობებთან ერთად, ფუნქციური თვალსაზრისით ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. ზოგადად კი ევროპული სტილის საცხოვრისის ერთგვარ ანალოგს წარმოადგენს, მაგრამ მისი სტრუქტურა მეტად გამარტივებულია. რაც შეეხება თანამედროვე არქიტექტურას, თავადაც ხედავთ რა სიტუაციაა: ქალაქი და მისი ყველა მნიშვნელოვანი სივრცე დეველოპერების ინტერესებს ეწირება...