თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით კვლავ შიმშილობა დაიწყო.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი ჩატარდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები.
„დღეიდან ვაცხადებ უვადო შიმშილობას. შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში.
მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა განმარტა, თუ რას უკავშირდება მისი მხრიდან შიმშილობის დაწყება.
„ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტები ჩემთან რომ შემოეშვათ, იგივეს იტყოდნენ", – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის საქმე
სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს გამოაცხადა და 20 ნოემბერს, 50 დღის შემდეგ დაასრულა.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს).
სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ამ ორ საქმეზე. სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.