მსოფლიო დღეს

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურები რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადების წინადადებით გამოვიდნენ
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. პუშილინმა პრეზიდენტს ასევე მიმართა თხოვნით, განიხილოს დონეცკის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
თავის მხრივ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმაც პუტინს მსგავსი თხოვნით მიმართა.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებით რესპუბლიკის მცხოვრებლები, რომელთა შორის 300 ათასი რუსეთის მოქალაქეა, მასობრივ დაღუპვას გადაურჩებიან“, - განაცხადა პასეჩნიკმა.
პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის სახელით მიმართა წინადადებით, რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
დონბასში ვითარება ბოლო დღეებში დაიძაბა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უკრაინის ძალოვანების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბომბვების შესახებ საუბრობენ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ უკრაინის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით გამოაცხადა მოქალაქეების დროებითი ევაკუაცია როსტოვის ოლქში. ეს ძირითადად ეხება ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
როგორც დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უახლოეს დროს სამხედროებს დონბასში შეჭრას უბრძანებს. შაბათს ორივე რესპუბლიკების ლიდერმა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.