სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საშიში პრეცედენტია: OSCE/ODIHR-ის შეფასება

OSCE/ODIHR მიიჩნევს, რომ მიღებული კანონის მოქმედება აუცილებლად უნდა შეჩერდეს.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების გამო.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა OSCE/ODIHR-ის შეფასება იმ ცვლილებებისა, რომლებიც კანონმდებლობაში უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით შევიდა. პარლამენტმა გადაწყვეტილება დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო, რამაც ოპოზიციის, ომბუდსმენის, თავად სახელმწიფო ინსპექტორის და პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია.

„OSCE/ODIHR-ის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, აღნიშნულია დოკუმენტში.
OSCE/ODIHR-მა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა.
„იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, OSCE/ODIHR იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა და პროკურორების მიერ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტს გაუქმდება და მის ბაზაზე ორი ახალი სტრუქტურა ამუშავდება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR​-ს არასწორი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ.
სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR–ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა – „ქართული ოცნება“ >>
მისი თქმით, OSCE/ODIHR-ის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი – არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები განხორციელდა მათ შორის ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არა აქვს, ერთი მხრივ, გამოძიების ფუნქცია და, მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონტროლის ფუნქცია.
არაობიექტურია: ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე >>
ჩატარებული რეფორმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს სამოხელეო დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გააკონტროლებს პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, მოსმენებს.
წყარო - სახალხო დამცველის აპარატი