თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. შაბათს, 19 თებერვალს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში აიცრა 1.524 ადამიანი, განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეპიდემიოლოგების თვალსაზრისით, საქართველომ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი გადაიარა. ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობა თებერვლის პირველი რიცხვების შემდეგ 26 ათასიდან (ანტირეკორდი) 10-15 ათასამდე შემცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
20 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2.796.876 აცრა ჩატარდა, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.346.490 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 46,9%.
სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.240.491 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 207.239 ადამიანს.
12-15 წლის მოზარდებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 4013 ადამიანი (2,26%), სრულად ვაქცინირებულია - 3073 (1,73%).
16-17 წლის ასაკის მოქალაქეებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12.501 ადამიანი (15,42%), სრულად ვაქცინირებულია - 11.018 (13,59%).
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან იყო ხელმისაწვდომი ინგლის-შვედეთის წარმოების პრეპარატი AstraZeneca. 30 მარტიდან ქვეყანაში შემოიტანეს ამერიკული ვაქცინა Pfizer, 4 მაისიდან - ჩინური პრეპარატი Sinopharm, ხოლო 24 მაისიდან - ასევე ჩინური Sinovac.
2021 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყო ქრონიკული დაავადებების მქონე 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, მანამდე კი ვაქცინაცია იყო ნებადართული მხოლოდ 16 წლის ასაკიდან. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.