ძიუდო: ქართველებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს ონისე სანებლიძემ და ონისე ბუღაძემ.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თელ-ავივის გრანდ სლემზე გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მესამე საჭიდაო დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
გრანდ სლემის მესამე დღეს ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ილია სულამანიძემ მოიპოვეს (-100კგ). მესამე ადგილისთვის იჭიდავეს ონისე სანებლიძემ (-100კგ) და ონისე ბუღაძემ (+100), თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
ილია სულამანიძე
გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირება ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან მოიგო. ქართველი სპორტსმენი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც შედეგზეც აისახა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქეს სამი შიდო (გაფრთხილება) მიაღებინა და ჩემპიონობაც მოიპოვა.
აქტიური ჭიდაობის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება ილია სულამანიძემაც, რომელმაც ფინალში ნიდერლანდელი მიქაელ კორელი დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს შეხვედრის ბოლო წუთზე იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე ასევე გამოვიდნენ სოფია სომხიშვილი (+78კგ) და უშანგი მარგიანი (-90კგ), თუმცა ორივე ძიუდოისტი ასპარეზობას ტურნირის საწყის ეტაპზე გამოეთიშა.