თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სასამართლომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეუფარდა, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ბრალდებულები თაღლითური გზით დაეუფლნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხუთივე პირი საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით ტრანსნაციონალური თაღლითობის ბრალდებით გუშინ, 18 თებერვალს დააკავა.
ბრალდებულების ადვოკატები 40 და 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სასამართლო პროცესზე ყველა საჭირო მტკიცებულება იყო წარმოდგენილი, შესაბამისად ბრალდებულები არ უნდა დარჩენილიყვნენ პატიმრობაში.
„დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, გაჟღერდა პოზიციები რომლის მიხედვითაც მათ არ უნდა შეფარდებოდათ პატიმრობა. სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მე ამის დამადასტურებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თავის მხრივ საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე თვლის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, რასაც საქმეში არსებული დოკუმენტაციაც ამტკიცებს.
„დანაშაულის ხასიათიდან და განხორციელების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ყველაფერი შენიღბული იყო, თუმცა შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაული დასტურდება დოკუმენტურად“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალი ედებათ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“