პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

პოლიციამ ბრალდებულების მიერ გასაღების მიზნით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ქალაქ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.
პოლიციამ ასევე ნარკოტიკების უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთა. სამართალდამცველებმა აღნიშნული დანაშაულისთვის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს და შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.
კერძოდ, პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული იგივე ნარკოტიკული საშუალების 16 შეკვრა.
პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ამოიღო.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური