ჯაფარიძე იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ... როგორია „გირჩის" გამარჯვების ფორმულა

ამ დროისათვის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში იმ შემთხვევაში მიიღებს მოსახლეობის მხარდაჭერას, თუ იგი აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ მას სადეპუტატო უფლებამოსილება უსამართლოდ შეუჩერეს, განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ბადრი ჯაფარიძემ 15 თებერვალს პარლამენტის დეპუტატის მანდატი დაკარგა და იმავე დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში დაბრუნებას რუსთავი-გარდაბნის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების გზით შეეცდება. პოლიტიკოსს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ჯაფარიძემ დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალური მოძრაობის“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ამას შეძლებს, დეპუტატობის შანსი აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იმ პარტიის აზრით, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ არჩევნებში, რომელშიც თავად არ მონაწილეობს, საკუთარ ამომრჩეველს არჩევანის სრულ თავისუფლებას აძლევს, ჯაფარიძემ უნდა დაუმტკიცოს ამომრჩეველს, რომ მას მანდატი უსამართლოდ ჩამოართვეს.
„საბავშვო ბაღში არ ვართ": რეაქცია მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაზე
რაც შეეხება განაჩენს, სასამართლომ ჯაფარიძე და მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ჩადენილ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ორივე გათავისუფლდა პატიმრობიდან სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს ეხებოდა.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება.
ამ დროისათვის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა.
მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.