როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია: მერია ინფორმაციას ავრცელებს

„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
ამ ეტაპზე ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს.
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან და შპს „მამისონის“ წარმომადგელებთან ერთად გაეცნო.

„გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში – მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება სადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები.
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რემონტი
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.