ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის გზაზე: მტკვარში ტონობით გუდრონი ჩაიღვარა

გუდრონით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, რადენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის ავზიდან 23 ტონა გუდრონი დაიღვარა და მასის ნაწილი მტკვარში ჩაიღვარა.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 45 წლის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა, მას გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიჰქონდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი “, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ოქმი შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დაზიანებული სატვირთო საჯარიმოზე გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.