თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ოთხშაბათს პარლამენტმა საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 101 მლნ ევროს კრედიტზე სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
კრედიტი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს და მისი დასრულების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 30 დეკემბერია.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის პირველი კომპონენტია ინკლუზიური და კლიმატის გამძლე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ურბანული ცენტრების განახლებას, უნივერსალური დიზაინით და მისაღები სტანდარტებით საზოგადოებრივი შენობების და საჯარო ადგილების მშენებლობას.
პროგრამის მეორე კომპონენტია სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება და ქალაქების კულტურულ-ისტორიული ცენტრების განახლება.
პროექტის მესამე და ბოლო კომპონენტი გულისხმობს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების შესწავლას, სემინარების ჩატარებას და ფინანსურ დახმარებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ოპერირებენ პროექტის გავრცელების ტერიტორიაზე.
101 მილიონი ევროდან 95,6 მილიონი მოხმარდება სამუშაოების განხორციელებას, საქონლის შესყიდვასა და საკონსულტაციო მომსახურებას, 500 ათასი - სოციალურ პროგრამებს, 4,3 მლნ ევრო მიემართება ვალდებულებებზე პროცენტების და ხარჯების დასაფარად, 600 ათასი მოხმარდება ადმინისტრაციულ ხარჯებს.
კრედიტი გაიცემა 15 წლის ვადით, წლიური 0,15%-ით.
წყარო - საქართველოს პარლამენტი