ოპოზიციამ „ქართული ოცნება" რეპრესიებში დაადანაშაულა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის საკითხი აქტუალობას არ კარგავს.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პოლიტიკური რეპრესიის ნათელი მაგალითია, განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო შეუწყდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მონანიება შესაძლოა მისთვის მანდატის შენარჩუნების საფუძველი გამხდარიყო.

„არ შემიძლია ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებას არ გამოვეხმაურო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძეს რომ დანაშაული ეღიარებინა, მას მანდატი არ შეუწყდებოდაო. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი", – განაცხადა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაეთანხმა თავისი პარტიის ლიდერს. მისი თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტას ორი განზომილება აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური, და პარლამენტმა სამართლებრივ საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძისგან წარმოდგენილ ახსნას, დიახ, სწორედ ეს არის ის განზომილება, რომელიც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არის მყარი სამართლებრივი საფუძველი, არის დამატებითი კრიტერიუმები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, და ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც, რაც იყო ეს საკითხი და სრულად ვიზიარებ ამ ახსნას", – განაცხადა პაპუაშვილმა.

სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე და მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ჩადენილ თაღლითობაში დაადანაშაულა. ორივე გათავისუფლდა პატიმრობიდან სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს ეხებოდა.
მიიღებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე 2 აპრილს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას: დეკანოიძის განცხადება>>
ჯაფარიძემ მანდატის ჩამორთმევის დღესვე განაცხადა, რომ პარლამენტში დაბრუნებას აპირებს მაჟორიტარული არჩევნების მეშვეობით, რომელიც რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება.