თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (22-ე ნომერი ATP-ის რეიტინგში) დოჰაში (კატარი) ATP-250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რომლის მოქმედი გამარჯვებულიც თავად არის.
მეოთხედფინალში ბასილაშვილმა ძალიან რთულ მატჩში უნგრელი მარტონ ფუკოვიჩი (36) სამ სეტში დაამარცხა - 1:6, 6:3, 7:5. შეხვედრა ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
ანგარიშიდან ჩანს, რომ პირველ პარტიაში ბრძოლა არ ყოფილა. ქართველმა ორჯერ დაკარგა თავისი ჩაწოდება, ფუკოვიჩმა კი სეტი მარტივად აიღო - 6:1. მეორე სეტში მეტოქეებმა თანაბარი ჩოგბურთი აჩვენეს, თამაშის ბედი კი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში გააკეთა.
ყველაზე „სანერვიულო“ მესამე სეტი გამოდგა. თავდაპირველად ფუკოვიჩი 3:0 ბრეიკით ლიდერობდა, მაგრამ ბასილაშვილმა თავი ხელში აიყვანა და მეხუთე გეიმში საპირისპირო ბრეიკი გააკეთა. ანგარიში გახდა 5:5, უნგრელმა შეცდომა დაუშვა და ქართველს თავისი ჩაწოდება დაუთმო. ბასილაშვილმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა გაიფორმა.
ფინალში გასასვლელად ჩვენი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება ფრანგ არტურ რინდერკნეხს (61), რომელმაც ორ პარტიაში (6:4, 6:4) კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა.
გასულ წელს ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო - ქართველმა ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა.