თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას არაობიექტური და უსამართლო უწოდა.
გუშინ კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს „პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმისთვის დამაზიანებელი" უწოდა.
„არცერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური. სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული. სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებებს", – განაცხადა კობახიძემ ტელეარხ „პალიტრანიუსის" ეთერში.
15 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის, პარტია „დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიასა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.
ამავე დღეს საქართველოს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები დაამტკიცა. აღნიშნული უწყებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი.
რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დეპუტატების გადაწყვეტილებით, მისი ხელმძღვანელი გახდა საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე.
წყარო: პალიტრანიუსი