თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ტურიზმზე კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ ნეგატიური ზემოქმედების ალბათობა მცირეა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი რჩება და 15-დან 20 ათასამდე მერყეობს. ინფიცირება ძირითადად „ომიკრონით“ ხდება.
„კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ტურიზმის აღდგენაზე, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება უფრო პოზიტიურ სცენარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ტურიზმის ზრდის ტემპი დაჩქარდება და შემოსავლები 2019 წლის დონეს მიუახლოვდება.
საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის იანვარში 114 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 69,3%-ით მიუახლოვდა.
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს დარგის შემოსავალი საოცრად დაბალ დონემდე დაეცა – 427,7 მილიონი დოლარი 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის პირობებში.
2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა.