თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას არც 16 თებერვალს, არც მიმდინარე კვირაში და არც არასდროს, განაცხადა ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ჩიჟოვმა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს შეტევა არ იქნება. არც მომდევნო კვირაში, არც კიდევ ერთი კვირის შემდეგ თუ მომდევნო თვეში ესკალაცია ასევე არ არის მოსალოდნელი“, — განუცხადა ჩიჟოვმა გერმანულ ტელეარხ Welt-ს.
მისი თქმით, „ომები ევროპაში ოთხშაბათობით იშვიათად იწყება“.
მანამდე ბრიტანულმა ტაბლოდმა The Sun-მა აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვლის დილის 04:00 საათზე (მოსკოვის დროით) გეგმავდა შეჭრას „მასირებული სარაკეტო შეტევებითა და 200 ათასი სამხედრო მოსამსახურით“. მოგვიანებით გაზეთმა სტატია ჩაასწორა და ახლა ციტატაში თავდასხმის კონკრეტული დრო აღარ იკითხება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო უკვე დაახლოებით 40-მა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. კანადამ და შეერთებულმა შტატებმა კი თავიანთი საელჩოები კიევიდან ლვოვში გადაიტანეს. კიევი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ მოსკოვისგან მის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შეჭრის ნიშნებს ვერ ხედავს.
რუსეთი უარყოფს დასავლეთის ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ.