თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი (სტრატკომი) უარყოფს და დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნავთობის სექტორში კონკრეტული კომპანიების ლობირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი განცხადება სტრატკომის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალურად მიმართა – დაინტერესდეს ნავთობგადაზიდვის ბიზნესში პრემიერის ზეგავლენითა და ინტერესებით.
„ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ამ თემაზე ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ეს არის ცრუ და გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სტრატკომში აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურებრივი შემხებლობა ჰქონდა ბევრ ადამიანთან, მათ შორის აკაკი ჩხენკელთან, რომელსაც 2013-2014 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ჩხენკელმა აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
„აღნიშნული პერიოდის შემდეგ პრემიერ-მინისტრს მასთან არანაირი სახის ურთიერთობა აღარ აკავშირებს. შესაბამისად, აღნიშნული ვარაუდი თუ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა", – ნათქვამია განცხადებაში.
„ანტიკორუფციული მოძრაობის" მონაცემებით, ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სფეროში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ექსიმ ოილი", რომლის მფლობელებიც ყოფილი ჩინოვნიკები და პრემიერ ღარიბაშვილის ახლო მეგობრები – აკაკი ჩხენკელი და გიორგი სამყურაშვილი არიან. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ისინი „ტერმინალებიდან საერთაშორისო მოთამაშეებს აძევებენ".