ბადრი ჯაფარიძეს გახარიას პარტიის იმედი არჩევნებზე ჯერ არ უნდა ჰქონდეს

ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც სადეპუტატო მანდატი ჩამოართვეს სასამართლოს განაჩენის გამო, კვლავ ცდილობს პარლამენტში მოხვედრას.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" გადაწყვიტა, ჯერჯერობით მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება. ჯაფარიძის გეგმებზე, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ცნობილი მაშინვე გახდა, რაც მას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.

„არჩევნებამდე დიდი დროა და ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ახლა მხარს არავის ვუჭერთ. ასე გადავწყვიტეთ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ ვაპირებთ", – განაცხადა „პირველ არხთან" დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის" ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, თავად ექს-პრემიერის პარტია არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს.
ამ დროისათვის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა. 2 აპრილს აირჩევენ პარლამენტის ერთ დეპუტატს და ბათუმის საკრებულოს ერთ დეპუტატს.
ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში დაბრუნება მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გადაწყვიტა>>
მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, სასამართლომ ის და მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ჩადენილ თაღლითობაში დაადანაშაულა. ორივე გათავისუფლდა პატიმრობიდან სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს ეხებოდა.