ბათუმის აეროპორტში Air Baltic იწყებს ოპერირებას

ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა–ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220-ის მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირების არეალს აფართოებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 მაისიდან ავიაკომპანია Air Baltic ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა–ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220-ის მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.
Air Baltic თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს დაიწყო შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაკეტილი.
1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ფრენები მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 65%-ით აღდგა.
წყარო - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება