თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნათელაშვილისთვის მანდატის ჩამორთმევას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28, ხოშტარიასთვის მანდატის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 9 დეპუტატი, ჯაფარიძისთვის კი მანდატის ჩამორთმევის მომხრე იყო 77 დეპუტატი, 37 კი წინააღმდეგი იყო.
ხოშტარიამ და ნათელაშვილმა მანდატები პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო დაკარგეს.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაში მიზეზი სასამართლოს განაჩენია.
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ჩამოართვა ყოფილ სპიკერს კახა კუჭავას – მისივე განცხადების საფუძველზე. ამ საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 5.