თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კანადის მთავრობა უკრაინას 500 მლნ კანადური დოლარის კრედიტს გამოუყოფს და ამასთან 7,8 მლნ კანადური დოლარის (6,1 მლნ აშშ დოლარი) ლეტალურ იარაღსაც მიაწვდის, იუწყება კანადის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
„ეს შეიარაღება მოიცავს ტყვიამფრქვევებს, პისტოლეტებს, კარაბინებს, 1,5 მლნ ვაზნასა და სნაიპერულ შაშხანებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც კანადის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი, იარაღი „უკრაინის უშიშროების ძალებს რუსეთის არასასურველი და მზარდი აგრესიისგან თავდაცვაში დასახმარებლად“ გადაეცემა.
ოტავაში რუსეთის საელჩოში უკვე განაცხადეს, რომ მოსკოვისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. რუსეთის ელჩის ოლეგ სტეპანოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები იარაღის მიწოდებით „კიევის რეჟიმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ“.
„შეიარაღების ნებისმიერი მიწოდება ქვეყნისთვის, რომელსაც გადაუჭრელი შეიარაღებული კონფლიქტები აქვს, მიუღებელია. ეს არ უწყობს ხელს მშვიდობას, მხოლოდ ახანგრძლივებს და აღრმავებს ძმათამკვლელ კონფლიქტს უკრაინაში“, — განაცხადა სტეპანოვმა.
მისი თქმით, რუსეთი მოუწოდებს კანადის მთავრობას, უარი თქვას მსგავს მოქმედებაზე და ამის ნაცვლად „კიევის ხელისუფლებაზე თავისი გავლენა იმისთვის გამოყენოს, რომ ისინი დონეცკთან და ლუგანსკთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას და მინსკის შეთანხმებების უსიტყვო და სრული შესრულებისკენ წააქეზოს“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო უკვე დაახლოებით 40-მა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. კანადამ და შეერთებულმა შტატებმა კი თავიანთი საელჩოები კიევიდან ლვოვში გადაიტანეს. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას 16 თებერვალს დაესხმება თავს. კიევი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ მოსკოვისგან მის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შეჭრის ნიშნებს ვერ ხედავს.
რუსეთი უარყოფს დასავლეთის ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ.