ფოთში ახალშობილის მკვლელობისთვის დაკავებული დედა კლინიკაში გადაიყვანეს

როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ქალმა ხუთი დღის წინ იმშობიარა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული ბავშვის დედა დამატებით კვლევებზე ბადრაგის თანხლებით ფოთის სამშობიარო კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს.
შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც ფოთში მრავალბინიანი სახლის საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. სანტექნიკოსებმა საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ ახალშობის მკვლელობის ბრალდებით მისი დედა უკვე დააკავა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ როგორც სანტექნიკოსი აცხადებს, ის სწორედ ამ ქალმა გამოიძახა და მის გვერდით იყო იმ დროს, როდესაც მან მილში ჩვილის ცხედარი იპოვა. ხელოსნის თქმით, პოლიციაც ამ ოჯახმა გამოიძახა.
მედიკოსების ინფორმაციით, ქალმა დაახლოებით ხუთი დღის წინ იმშობიარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე მას გართულება არ აღენიშნება.
კვლევების შემდეგ გარდაცვლილი ახალშობილის დედამ კლინიკა კვლავ ბადრაგის თანხმლებით დატოვა. სავარაუდოდ, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.
მედიის ინფორმაციით, ქალი 34 წლისაა, ფოთში ცხოვრობს მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად.
გარდაცვლილ ჩვილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ცოცხალი იყო თუ არა ის იმ დროს, როდესაც დედამ საკანალიზაციო სისტემაში ჩააგდო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.