თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პრეზიდენტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.
ამასთან სათათბირომ აირჩია არა „ედინაია როსიას“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი, არამედ კომუნისტური პარტიის (КПРФ) უფრო ხისტი ვარიანტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ იანვარში წარადგინეს უკრაინის გარშემო გამწვავებული ვითარების ფონზე.
„ედინაია როსიას“ ვარიანტი ითვალისწინებდა არა პირდაპირ პუტინისთვის მიმართვას, არამედ დამატებითი კონსულტაციებისთვის პროექტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგზავნას.
რაც შეეხება ზიუგანოვის კომუნისტურ პარტიას, მათი პროექტი პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს თხოვნით – რუსეთმა აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარიანტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. საბოლოოდ კომუნისტების პროექტს 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 16, ხოლო „ედინაია როსიას“ ვარიანტს 310-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
როგორც პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, დოკუმენტს დაუყოვნებლივ გადაუგზავნიან სახელმწიფოს მეთაურს.
წყარო: РИА Новости