თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გზების გაწმენდის სამუშაოები დილის 5 საათზე დაიწყო. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა.
ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე კოჯორში დაესწრო.
„დაახლოებით 120 ტონა ტექნიკური მარილი გამოვიყენეთ ამ სამუშაოებისთვის. მთავარია, რომ გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. პრობლემები არ შექმნილა, ტექნიკა და პერსონალი მობილიზებულია. თუ საჭირო იქნა, გაწმენდის ღონისძიებებს კიდევ გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში.
გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.
საქართველოში შენარჩუნებულია ცივი ამინდი, ზოგან თოვს. დედაქალაქშიც დილიდან თოვდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამშაბათამდე შენარჩუნდება, ხვალ დედაქალაქში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ოთხშაბათიდან კი თბილისში შედარებით გამოიდარებს – ნალექი შეწყდება და უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.
წყარო - თბილისის მერია