საქართველოში 1 მარტიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდება

მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 1 მარტიდან დაიწყებს სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა და კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის დაძლევისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნოემბრის ბოლოს მთავრობის მეთაურმა მინისტრებს დაავალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა დასაქმების მიზნით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნებდა.
სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე 600 ათასი მოქალაქიდან შრომისუნარიანია 200 ათასზე მეტი ადამიანი.
„ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა.

„ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი, ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები“, – აღნიშნა პრემიერმა.

პირველ ეტაპზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა უწყებები გამოყოფენ 50 ათას სამუშაო ადგილს. წლის განმავლობაში, პრემიერის თქმით, იგეგმება 100 ათასამდე ადამიანის დასაქმება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე შრომისუნარიანი მოქალაქე უარს იტყვის შეთავაზებულ ვაკანსიაზე, ერთი წლის შემდეგ მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადაიხედება.
ხოლო თუ ბენეფიციარი არაფორმალურად მუშაობს, მას ოფიციალურად გააფორმებენ. იგი ასევე შეძლებს მონაწილეობის მიღებას პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში.

პროგრამა არ შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს

ღარიბაშვილის სიტყვებით, ინიციატივა ითვალისწინებს საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებას სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასასაქმებლად.
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სახელმწიფო სექტორში დასაქმებას არ ითვალისწინებს.

„საზოგადოებრივი სამუშაოები არის ცალკე კატეგორია, რომელიც არის ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება. ამას ჰქვია საზოგადოებრივი სამუშაოები. დაფინანსების წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, მიბმული არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ შტატებთან თუ კადრებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ეს ადამიანები ინტეგრირებული იქნებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში ისეთ უწყებებში, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებდა 633.586 პირი (71.724 ოჯახი), რაც ქვეყნის მოსახლეობის 17%-ს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური