თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციონერებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული განცხადების გამო – რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ წინააღმდეგ უმრავლეს შემთხვევაში არ მოქმედებს.
მოგვიანებით მთავრობაში განაცხადეს, რომ პრემიერი არ არის ანტივაქსერი, ის გულისხმობდა, რომ ვაქცინა არ ამცირებს ახალი შტამით ინფიცირების რისკს, მაგრამ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. მმართველი გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ღარიბაშვილი ორი დოზითაა აცრილი.
„პრემიერი გამოდის ანტივაქსერული განცხადებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია და პანდემიის მართვა არის ძალიან მძიმე, დაბალ ნიშნულზე. ეს არის სახიფათო და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველაზე, ვინც მისი განცხადების შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება.
„თავად ვაქცინის მწარმოებლებიც ამბობენ, რომ არის 85%-იანი, 80%-იანი და 75%-იანი დაცვა. ასე რომ, არ არის საჭირო იმაზე კონცენტრირება, რომ 100%-იან გარანტიას არ იძლევა, კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობის შემთხვევა ნულის ტოლია”, – განაცხადა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას მან „კატასტროფული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.
„პრემიერის ეს განცხადება ახალისებს ანტივაქსერებს და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სრული ინფორმაცია რა საშიშ ვირუსთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრს სურს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეცვლა.
„ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რათა იგი შეცვალოს (ჯანდაცვის მინისტრის ხელით) და მერე გამოაქვეყნოს ის „სტატისტიკა”, რაც მოესურვება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების გამოჩენის მომენტიდან ეპიდემიოლოგები აცრების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ექსპერტების თქმით, ვაქცინა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისგან.
საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 1,4 მილიონზე მეტი შემთხვევა. ორი დოზით ქვეყანაში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42,9%. ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.