COVID-19 - ბოლო ცნობები

NCDC: დღეს გამოქვეყნებული კორონავირუსის ახალი მონაცემები არასწორია

ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.
Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4.028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 21 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

„ვფიქრობთ, რომ „ომიკრონის" ცირკულაციის ფონზე ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს პიკის გადავლის ეტაპი. 4 ათასი შემთხვევა რეალურ სიტუაციას ვერ ასახავს, რადგან ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხდა ყველა შემთხვევის ატვირთვა, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა. ამიტომ დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ", – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის" სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.