თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან გუშინ, საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, იუწყება „პირველი არხი“.
ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
„ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა", – აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექროენერგიის მიწოდება. თუმცა შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.
სამებასთან მომხდარმა მიწისძვრამ პრობლემები შექმნა აჭარაშიც.
მიწისძვრის შემდეგ ბათუმში, მაიაკოვსკის N55-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა შენობა დატოვეს. მათი განცხადებით, სახლი ისედაც ავარიულ მდგომარეოაში იყო, მიწისძვრის შემდეგ კი ბზარების რაოდენობა გაიზარდა.
მცხოვრებლებს ბათუმის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მუნიციპალური სერვისების სამსახურის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს ალერნატიულ ფართში დღესვე გადაიყვანენ.
გუშინ, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან იყო. ამას ღამის განმავლობაში კიდევ ექვსი, შედარებით მცირე ძალის მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა.
წყარო: „პირველი არხი“