აზერბაიჯანმა საქართველოს მიწისძვრის გამო სოლიდარობა გამოუცხადა

ორივე ქვეყნის პრემიერებმა დაადასტურეს მზადყოფნა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, 22:25 საათზე მოხდა. ეპიცენტრი იყო დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით.
ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, საუბრისას ღარიბაშვილმა და ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
მიწისძვრის შედეგად დმანისში ათობით სახლი დაზიანდა >>
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური