ვანში მეწყერმა გზა ჩაანგრია: რა მდგომარეობაა ადგილზე

გზის აღდგენამდე დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა იგეგმება
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, ვანის სერვის ცენტრის ეკიპაჟები.
უწყების ინფორმაციით, ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს შემოვლითი გზებით დაუკავშირდეს.
კერძოდ, სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.
შესაბამისი სამსახურები სტიქიის განვითარების მიზეზებს შეისწავლიან და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დაიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა, გზის სრულად აღდგენამდე, აღნიშნეს უწყებაში.
წყარო - ვანის მუნიციპალიტეტის მერია