თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გადატანიდან ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
როგორც ბულეიშვილმა აღნიშნა, რეინფიცირების ფაქტები ზოგად ფონს შედარებით ამძიმებს.
„ამჟამად ისევ დაინფიცირებულები არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან გამოსული პოსტკოვიდური მდგომარეობიდან. ვიცით, რომ კოვიდის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს ბევრი სიმპტომი", - განაცხადა ბულეიშვილმა.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე კი მიიჩნევს, რომ მძიმდებიან არავაქცინირებული, ე.წ. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. მისი თქმით, გართულებებისგან ვაქცინაცია იცავს.
„ვაქცინაცია რეანიმაციულ ღონისძიებებს, დამძიმებას და გარდაცვალებას აგვაცილებს თავიდან", - განაცხადა ტაბიძემ.
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.