COVID-19 - ბოლო ცნობები

შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი კიდევ ერთხელ დაუდასტურდა

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში სასესიო სხდომას ახლა უკვე საპატიო მიზეზით გააცდენს
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ნათელაშვილი წერს, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და კარანტინის რეჟიმში სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.
„არადა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ამას. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას, ხოლო შემდეგ ჩემი დაბადების დღეც დგებოდა. არაა პრობლემა. ცხოვრება გრძელდება და მოკლე ხანში ისევ გამოგეცხადებით", - წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.
ნათელაშვილს კორონავირუსი პირველად გასული წლის აპრილში დაუდასტურდა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტა. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მისვლას მომავალ კვირაში აპირებდა. სწორედ 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გეგმავენ კანონმდებლები სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას.
ნათელაშვილის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დადგა იმის გამო, რომ მან სესიების სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ახალი კანონით, კორონავირუსზე დადებითი ტესტი საავადმყოფოს ფურცლის გამოწერის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილი სესიის სხდომას უკვე საპატიო მიზეზით გააცდენს.
პირველი ლეიბორისტი პარლამენტში შედის >>
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
წყარო - შალვა ნათელაშვილის Facebook-გვერდი