ქუთაისში რუსი ტურისტის ცემისა და ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს და დანაშაულის ჩადენაში 17 წლის არასრულწლოვანი ამხილეს.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 11 თებერვალს ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. არასრულწლოვანმა საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 30 წლის მამაკაცს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური